"ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ დაპირება არ შეასრულოს და არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით ჩაატაროს", - ასე პასუხობს ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში ჩართულა ფასილიტატორებმა არა ერთხელ გააჟღერეს შეთანხმების მთავარი პუნქტები.
"დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ილუზიის ქვეშ, რომ რაიმე საარჩევნო სისტემა გადაარჩენს მას. გადაარჩენს იმისგან რაც არის გარდაუვალი, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების ფონზე და ეს არის მისი მხრიდან პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა. ვერაფერს ახალს ჩვენ ვერ მოვისმენთ ფასილიტატორებისგან, იმიტომ რომ მათ არაერთხელ თქვეს რა იყო შეთანხმების შინაარსი", - აღნიშნა სამადაშვილმა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ შეთანხმების ორივე პუნქტი, ცალ-ცალკე ფურცლებში იყო შედგენილი და ხელი ორივეს ინდივიდუალურად მოეწერა.
"შეთანხმება, ორივე შედგა ცალ-ცალკე ფურცლებზე და ცალ-ცალკე ფურცლებს მოეწერა ხელი. "ქართული ოცნების" სიტყვაზე ნდობა, რომ არ შეიძლება და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობაც რომ არ შეიძლება, ეს კი ვიცოდით, მაგრამ ნუ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა რომ აუცილებლად გვარები უნდა დაიწეროს. არც იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ" ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება", - ამბობს ბურჯანაძე.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.